2020 – მუზეუმები თანასწორობისთვის: მრავალფეროვნება და ინკლუზია

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება 1977 წლიდან, საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით. 2019 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში მონაწილეობდა 150 ქვეყნის 55000 მუზეუმი.

მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის საერთაშორისო დღისთვის ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
მიმდინარე წლის თემის („მუზეუმები თანასწორობისთვის: მრავალფეროვნება და ინკლუზია“) ფარგლებში მუზეუმები უნდა იქცნენ ისეთ გამაერთიანებელ პლატფორმად, რომელიც ასახავს საზოგადოებისა და მუზეუმის თანამშრომლების თვალსაზრისთა მრავალფეროვნებას და იმავდროულად, შექმნის ქმედით ინსტრუმენტებს იმ მიკერძოების გამოვლენისა და დაძლევისათვის, რაც ნაჩვენებია მათ ექსპოზიციებში.

მუზეუმების პოტენციალი წამყვან როლს ასრულებს ნებისმიერი წარმომავლობის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ვიზიტორების სოციალურ ფასეულობათა განვითარებაში. მუზეუმებს, როგორც სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებათა აგენტებს და ნდობის მაღალი ინდექსის მქონე ინსტიტუციებს, აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ რეალობებში კონსტრუქციულად ჩართვით.

ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების გამოწვევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუზეუმებისადმი საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში. მუზეუმების, როგორც სოციალური კეთილდღეობის პოტენციალმა გამოფენების, კონფერენციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სახით, წინ წამოიწია. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ დაძლეული იქნეს ძალთა დინამიკა, რამაც შესაძლებელია ხელი შეუწყოს მუზეუმებში დაძაბულობის წარმოქმნას.

ეს რთული მომენტები შეიძლება შეეხოს ბევრ საკითხს – ეთნიკურობის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, განათლების დონის, ფიზიკური შესაძლებლობების, პოლიტიკური კუთვნილებისა და რელიგიური მრწამსის ჩათვლით.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) გადაწყვიტა მოახდინოს დღის ფორმატის ადაპტირება და ფოკუსირება ციფრულ აქტივობებზე. ამასთან, მუზეუმების თანამშრომლებს შეუძლიათ ამ დღისათვის დაგეგმილი აქტივობები და ასევე “მუზეუმების ღამის” აქცია განახორციელონ უშუალოდ მუზეუმებში 2020 წლის 14-16 ნოემბერს.

როგორ შეიძლება მუზეუმებმა ციფრულ აქტივობებში უზრუნველყონ მრავალფეროვნება და ინკლუზია ონლაინ-პოტენციალის გამოყენებით? ICOM-მა მოამზადა აქტივობათა ჩამონათვალი, რომელიც მუზეუმებს შეუძლიათ გამოიყენონ საზოგადოებასთან დისტანციური კომუნიკაციისთვის.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინსტრუქციას მუზეუმის საერთაშორისო დღის აქტივობების ციფრულ ფორმატში ორგანიზებისათვის.

18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მუზეუმების მიერ ციფრულ ფორმატში განხორციელდა არაერთი საინტერესო ღონისძიება.

წარმოგიდგენთ პროგრამას: https://bit.ly/2zIz2si

#IMD2020 #Museums4Equality