კრიტერიუმები და პირობები

საბჭოს წევრობის კანდიდატობის კრიტერიუმები და არჩევის წესი


ზოგადი დებულებები: 

იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წესდების თანახმად, კომიტეტის საბჭო შედგება 3 წლის ვადით არჩეული 11 წევრისგან. 

საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება, ხოლო ახლად არჩეული საბჭო თავის პირველ სხდომაზე საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, ხაზინადარსა და მდივანს. 

კომიტეტის საბჭოს წევრად ერთი მუზეუმიდან/სამუზეუმო ინსტიტუციიდან შესაძლებელია არჩეულ იქნას არაუმეტეს 2 წევრი.

იკომის საქართველოს ეროვნულ კომიტეტში მუშაობა ნებაყოფლობითია და არაანაზღაურებადი. საბჭოს არჩეული წევრები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ყოველწლიური საწევრო გადასახადი და შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობები კომიტეტის წესდების შესაბამისად.


მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატის კრიტერიუმები: 

  • საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს რეზიდენტობა;
  • იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ინდივიდუალური კატეგორიის უწყვეტი წევრობა;
  • სამუზეუმო სფეროში მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება; 
  • ICOM-ის წესდების და პროფესიული ეთიკის კოდექსის ცოდნა და დაცვა;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების (კერძოდ, საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, საერთაშორისო კონვენციები - იუნესკოს, პარიზის, ჰააგის და სხვა.) ცოდნა და დაცვა;
  • ICOM-ის ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური და/ან ფრანგული ან ესპანური) ფლობა;
  • არ უნდა იყოს საჯარო მოხელე.
  • არ უნდა იყოს ICOM საქართველოს მმართველი საბჭოს წევრი ზედიზედ ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი მანამდე არჩეული არ ყოფილა თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ, ხაზინადარად ან მდივნად.

ინდივიდუალური კატეგორიის წევრი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთ კრიტერიუმს, არ შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს წევრობის კანდიდატად. 


მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის/პასპორტის ასლი;
  • ფოტო;
  • ICOM-ის წევრობის ნომერი;
  • რეზიუმე ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ICOM-ის წევრობის ვადის, პროფესიული გამოცდილებისა და ICOM-ის აქტივობებში მონაწილეობის შესახებ; 
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (მაქს. 1 გვერდი);
  • ორი სარეკომენდაციო წერილი ქართულ ენაზე (იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მოქმედი ინდივიდუალური ან ინსტიტუციური წევრებისგან).

მმართველი საბჭოს წევრების არჩევის წესი:

  • კანდიდატმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია 2026 წლის 24 აპრილის 18.00 საათამდე
  • 2026 წლის 29 აპრილს გამოქვეყნდება კანდიდატთა სია იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ვებ-გვერდზე. 
  • საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება.
  • სტუდენტური კატეგორიის წევრებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.
  • საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს კომიტეტის წევრთა ერთი მესამედი. 
  • არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით (ონლაინ ფორმატში). ბმული გაეგზავნება ყველა წევრს 2026 წლის 29 აპრილს
  • არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებმაც მიიღეს ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა განსაზღვრული ადგილების ფარგლებში. 
  • თუ ერთ ინსტიტუციასთან დაკავშირებული კანდიდატებიდან 2-ზე მეტი მოხვდება გამარჯვებულთა შორის, აირჩევა ამ ინსტიტუციიდან მაქსიმუმ 2 ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი, ხოლო დანარჩენი ადგილს/ადგილებს იკავებენ მომდევნო, ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი/კანდიდატები. 
  • ხმების თანაბრობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მეტი პროფესიული გამოცდილება (მუზეუმში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება;  მინიმუმ სამწლიანი მენეჯერული გამოცდილება). 

თავმჯდომარის კანდიდატის კრიტერიუმები და არჩევის წესი


ზოგადი დებულებები: 

  • იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წესდების თანახმად, თავმჯდომარეს ირჩევს საბჭო თავის პირველივე სხდომაზე საკუთარი წევრებისგან, 3 წლის ვადით. 
  • ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორზე მეტი ვადით.
  • კომიტეტში მუშაობა ნებაყოფლობითია და ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
  • თავმჯდომარე ვალდებულია გადაიხადოს ყოველწლიური საწევრო გადასახადი და შეასრულოს თავისი უფლება-მოვალეობები კომიტეტის წესდების შესაბამისად. 

თავმჯდომარის კანდიდატის კრიტერიუმები: 

  • საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს რეზიდენტობა;
  • იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინდივიდუალური კატეგორიის უკანასკნელი 4-წლიანი უწყვეტი წევრობა;
  • სამუზეუმო სფეროში მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • ICOM საქართველოს მმართველ საბჭოში მინიმუმ ერთი მანდატით მუშაობის გამოცდილება;
  • არ უნდა იყოს საჯარო მოხელე;
  • ICOM-ის წესდების, ICOM-ის სამუზეუმო პროფესიული ეთიკის კოდექსის ცოდნა და დაცვა;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების (კერძოდ, საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, საერთაშორისო კონვენციები - იუნესკოს, პარიზის, ჰააგის და სხვა.) ცოდნა და დაცვა;
  • ICOM-ის ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური და/ან ფრანგული ან ესპანური) ფლობა. 

საბჭოს წევრი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს რომელიმე ერთ კრიტერიუმს, ვერ იქნება წარდგენილი თავმჯდომარეობის კანდიდატად. 


თავმჯდომარის კანდიდატობის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ICOM საქართველოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრობის დოკუმენტაციის ატვირთვის პარალელურად, 2026 წლის 24 აპრილის 18.00 საათამდე კომიტეტის ელ-ფოსტაზე icomgeo@gmail.com უნდა გამოაგზავნოს თავმჯდომარეობის სამოტივაციო წერილი და  კომიტეტის განვითარების პროგრამა.


თავმჯდომარის არჩევის წესი:

იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წესდების თანახმად, თავმჯდომარეს კომიტეტის საბჭოს წევრთაგან, სამი წლის ვადით ირჩევს კომიტეტის საბჭოს წევრთა პირველი სხდომა, რომელშიც საბჭოს წევრთა მონაწილეობა სავალდებულოა.

თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება ფარული კენჭისყრით. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება. არჩევნებში მიღებული ხმების უმრავლესობით აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარე.