2026 - მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს

მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) მუზეუმის საერთაშორისო დღის 2026 წლის თემა გამოაცხადა "მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს"


2026 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა ხაზს უსვამს მუზეუმის პოტენციალს, როგორც ხიდს კულტურულ, სოციალურ და გეოპოლიტიკურ საკითხებს შორის. მუზეუმმა ხელი უნდა შეუწყოს დიალოგს, ურთიერთგაგებას, ინკლუზიურობასა და მშვიდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებებში.

მუზეუმი, როგორც განათლების არაფორმალური სივრცე, ხელს უწყობს მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთპატივისცემას. აღნიშნული თემა ასევე განსაზღვრავს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მთელი წლის მანძილზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მრავალწლიან ერთგულებას საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების გაძლიერებისა და მისი სოციალური როლის წინსვლის მიმართ.

მუზეუმი წარმოადგენს ნდობის მქონე საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც ადამიანები ეცნობიან ისტორიებს, ექსპონატებსა და ერთმანეთის გამოცდილებებს. სოციალური ფრაგმენტაციის, პოლარიზაციისა და ცოდნასა და კულტურაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პირობებში, მუზეუმი ხელს უწყობს კავშირის აღდგენას თაობებს, საზოგადოებებსა და საზღვრებს შორის, ამით კი ამყარებს დიალოგს, ურთიერთგაგებას, ინკლუზიურობასა და მშვიდობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.

როგორც ღია და ხელმისაწვდომი ინსტიტუცია, მუზეუმი ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მდგრადი განვითარების გაძლიერებას. მუზეუმი ქმნის პირობებს, სადაც კულტურული განსხვავებები შეიძლება გააზრებული და პატივისცემით იქნეს მიღებული კულტურული მემკვიდრეობისა და კოლექტიური მეხსიერების დაცვით, სწავლისა და რეფლექსიის შესაძლებლობების შეთავაზებით, ასევე ისეთი ღია სივრცეების შექმნით, სადაც მრავალფეროვნებები თანაარსებობს.

მუზეუმების საერთაშორიოს საბჭო (ICOM) 2020 წლიდან მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და ყოველწლიურად ხელს უწყობს კონკრეტული მიზნების პოპულარიზაციას მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში.

2026 წლის თემა შესაბამისობაშია შემდეგ სამ მიზანთან:

  • მიზანი 10: შემცირებული უთანასწორობა - უთანასწორობის შემცირება როგორც ქვეყნებს შორის, ასევე მათ შიგნით
  • მიზანი 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები - სამართლიანი, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა
  • მიზანი 17: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად - მდგრადი განვითრებისთვის გლობალური პარტნიორობის აღორძინება
მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მოუწოდებს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ყველა წევრს, ჩაერთონ მუზეუმის საერთაშორისო დღის 2026 წლის აღნიშვნაში და თემის შესაბამისად შეიმუშავონ ღონისძიებები - მონაწილეობაზე დაფუძნებული პროგრამები, თანამშრომლობები და ხელმისაწვდომი გამოცდილებები, რომელიც აძლიერებს საზოგადოების თანაგანცდასა და ნდობას.


მუზეუმის საერთაშორისო დღის წარმატებით აღსანიშნავად თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია!

თქვენ ხართ მუზეუმის საერთაშორისო დღის ელჩები. თქვენს მიერ ორგანიზებული აქტივობებისა და საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის წყალობით ეს ღონისძიება წლიდან წლამდე ტარდება.

გარდა დაგეგმილი აქტივობებისა, მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში მონაწილეობა თქვენთვის წარმოადგენს შესაძლებლობას:

  • პარტნიორობა სკოლებთან, ასოციაციებთან, ბიბლიოთეკებთან, სხვა მუზეუმბთან და მსგავს ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოთ თქვენი ღონისძიების პოპულარიზაციას და გააძლიეროთ კავშირები თანამოაზრე ინსტიტუციებთან;
  • მუზეუმის როლის ადვოკატირება საზოგადოებაში: გააცნოთ ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ ხელისუფლებას თქვენი საქმიანობა და მისი მნიშვნელობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • ინფორმაციის გავრცელება მუზეუმის საერთაშორისო დღის შესახებ ადგილობრივი მედიის, სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის მეშვეობით;
  • თქვენი საქმიანობის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა: გაუზიაროთ ინფორმაცია მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ეროვნულ კომიტეტს, რაც საშუალებას მოგვცემს, ინფორმაცია გავავრცელოთ ჩვენს ქსელში და მის ფარგლებს გარეთ.


მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის სპეციალური აქტივობის დაგეგმვისას გირჩევთ, გაითვალისწინოთ ხუთი მნიშნველოვანი ეტაპი:

მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა
შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მუდმივ ვიზიტორებს და ასევე ახალ აუდიტორიას. ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია, განსაზღვროთ მინიმუმ ერთი კონკრეტული ჯგუფი, როგორიცაა მაგ. ბავშვები, უფროსი ასაკის ადამიანები, თქვენი საზოგადოების რომელიმე უმცირესობის ჯგუფი და სხვ.

მიზნების განსაზღვრა
თვენი მიზანი შეიძლება იყოს ახალი აუდიტორიის მოზიდვა, საზოგადოების ცხოვრებაში თქვენი როლის წარმოჩენა, საჯარო უწყებების ყურადღების მიპყრობა, ან თქვენი ინსტიტუციის გაცნობა პოტენციური პარტნიორებისათვის.

ინსტიტუციური პარტნიორობების ჩამოყალიბება
მუზეუმის საერთაშორისო დღე წარმოადგენს შესაძლებლობას, განახორციელოთ ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო პარტნიორობები და სპონსორული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით: კოლექციების, მედიაციის, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა სფეროებში.

საერთაშორისო კამპანიაში ჩართვა
დაარეგისტრირეთ თქვენი აქტივობა მუზეუმის საერთაშორისო დღის ინტერაქტიულ რუკაზე (მალე ხელმისაწვდომი იქნება) და გამოიყენეთ შესაბამისი ჰეშთეგები სოციალურ ქსელებში, რათა მსოფლიოს მუზეუმებთან ერთად შეუერთდეთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს.

ღონისძიების შემდგომი შეფასება
მნიშვნელოვანია გააანალიზოთ თქვენი აქტივობის წარმატება და მისი გავლენა. ასევე გირჩევთ, გაუზიაროთ თქვენი მასალები და შედეგები მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ეროვნულ კომიტეტს. შესაძლოა ისინი აისახოს ICOM-ის წლიურ ანგარიშში.