ICOM Dubai 2025: 27-ე გენერალური კონფერენციის ძირითადი შედეგები, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და წარმატებები

17 ნოემბერი, 2025

ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) 27-ე გენერალური კონფერენცია, რომელიც 11–17 ნოემბერს დუბაიში გაიმართა თემით „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“ ისტორიულ მოვლენად იქცა: ICOM-ის არსებობის ისტორიაში გენერალური კონფერენცია პირველად ჩატარდა MEASA-ს (შუა აღმოსავლეთი, აფრიკა და სამხრეთ აზია) რეგიონში, სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სამუზეუმო და მემკვიდრეობის სფეროს 4,500-ზე მეტმა პროფესიონალმა, მკვლევარმა, კულტურის პოლიტიკის შემქმნელმა და ლიდერმა.

ICOM-ის გენერალური კონფერენცია გაიმართა დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში (Dubai World Trade Centre) არაბთა გაერთიანებული საემიროების უმაღლესი დონის პატრონაჟით.

კონფერენციის არსი და მნიშვნელობა

ICOM-ის გენერალური კონფერენცია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება, რომლის ფარგლებშიც ICOM-ის მმართველი სტრუქტურები სამწლიანი ვადით ირჩევიან. ასევე ICOM-ის რეგიონული ალიანსები და საერთაშორისო კომიტეტები ირჩევენ მმართველი საბჭოს წევრებს იგივე, სამწლიანი ვადით. ICOM-ის გენერალური კონფერენცია წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, სადაც მსოფლიოს სამუზეუმო სფერო წარადგენს მიმდინარე სტრატეგიებს, ინოვაციებსა და პროფესიულ სტანდარტებს.

2025 წელს მთავარი ფოკუსი გაკეთდა:

  • მუზეუმების სწრაფ ადაპტაციაზე საზოგადოებრივი მოთხოვნების შესაბამისად;
  • ინკლუზიურობაზე, მდგრადობასა და ეთიკურ მართვაზე;
  • ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე;
  • მემკვიდრეობის დაცვის გლობალური მექანიზმების გაძლიერებაზე.

ერთკვირიანი ღონისძიების განმავლობაში დელეგატები მონაწილეობდნენ 100-ზე მეტ პანელურ სესიაში, ვორქშოფსა და ფორუმში თემებზე, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს ინოვაციური მიდგომების შემუშავება და თავიანთ საზოგადოებებთან ეფექტური თანამშრომლობა სწრაფი ცვლილებების პირობებში. კონფერენციის სივრცის გარეთ, ათასობით დელეგატმა მონაწილეობა მიიღო კურატორულ ტურებში არაბეთის შვიდივე საემიროში და გაეცნო არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურულ მემკვიდრეობასა და სამუზეუმო ლანდშაფტს.

გენერალური კონფერენცია და ასამბლეა დასრულდა არჩევნების შედეგების გამოცხადებით - ICOM-ის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ანტონიო როდრიგესი (აშშ), ასევე არჩეულ იქნა ახალი აღმასრულებელი საბჭო, ხოლო ICOM-ის გენერალური კონფერენციის სიმბოლური დროშა გადაეცა როტერდამს - 2028 წლის 28-ე გენერალური კონფერენციის მასპინძლად არჩეულ ქალაქს (დეტალურად იხ. ქვევით).

ICOM საქართველოს მონაწილეობა და წარმატებები ICOM-ის 27-ე გენერალურ კონფერენციასა და ასამბლეაზე

ICOM Dubai 2025-ის გლობალურ პლატფორმაზე ICOM საქართველო აქტიურად იყო წარმოდგენილი ექვსი წევრისგან შემდგარი ეროვნული დელეგაციით: ლანა ქარაია (ICOM საქართველოს თავმჯდომარე; ICOM ევროპის საბჭოს წევრი); მაკა კვარაცხელია (ICOM საქართველოს საბჭოს წევრი); მარიამ ჩხაიძე (ICOM საქართველოს ხაზინადარი და საბჭოს წევრი); ნათია ხულუზაური (ICOM COMMS -ის საბჭოს წევრი); ნანა მეფარიშვილი (ICOM ICAMT-ის თავმჯდომარე); სოფიო დუღაშვილი (ICOM ETHCOM-ის წევრი).

დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც თემატურ სესიებსა და სამუშაო შეხვედრებში, ისე მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებში. საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და მიღწევები განსაკუთრებით აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია შემდეგ მიმართულებებში:

საქართველოს წარმომადგენლების არჩევა ICOM-ის მმართველ, რეგიონულ და საერთაშორისო სტრუქტურებში:

გენერალური კონფერენცია საქართველოსთვის წარმატებული იყო ICOM-ის მმართველ, რეგიონულ და საერთაშორისო კომიტეტების სტრუქტურებში ქვეყნის წარმომადგენლების არჩევის თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სამუზეუმო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და ქვეყნის როლის გაღრმავებას საერთაშორისო პროფესიულ ქსელებში.

ნანა მეფარიშვილი არჩეულ იქნა ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს (Advisory Council) წევრად და საერთაშორისო კომიტეტების სპიკერად (Spokesperson) 2025–2028 წლების ვადით.

ლანა ქარაია არჩეულ იქნა ICOM ევროპის (ICOM Europe) რეგიონული ალიანსის ვიცე-პრეზიდენტად 2025–2028 წლების ვადით.

სოფიო დუღაშვილი არჩეულ იქნა ICOM-ის ეთიკური დილემების საერთაშორისო კომიტეტის (IC ETHICS) მმართველი საბჭოს წევრად 2025–2028 წლების ვადით.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ICOM-ის კომიტეტებსა და რეგიონულ ალიანსებში საქართველოს წარმომადგენლები არჩეულ იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე. ICOM წარმოადგენს 35 თემატურ საერთაშორისო კომიტეტსა და 7 რეგიონულ ალიანსს, რომელთა წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოდან:

  • ნანა მეფარიშვილი — 2022–2025 და 2019–2022 ICOM ICAMT-ის თავმჯდომარე; 2016–2019 ICOM ICAMT-ის საბჭოს მდივანი; 2013–2016 ICOM ICAMT-ის მმართველი საბჭოს წევრი.
  • ნათია ხულუზაური — 2022–2025 ICOM COMMS მმართველი საბჭოს წევრი; 2016–2019 ICOM ICMAH მმართველი საბჭოს წევრი.
  • ლანა ქარაია — 2022–2025 ICOM Europe რეგიონული ალიანსის მმართველი საბჭოს წევრი.

საქართველოს სამუზეუმო სფეროს გამოწვევებისა და პერსპექტივების წარმოჩენა კონფერენციის თემატურ სესიებზე:

ICOM საქართველოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ICOM-ის გენერალური კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა თემატურ სესიებზე, სადაც წარმოადგინეს საქართველოს სამუზეუმო სფეროს გამოწვევები და განვითარების მიმართულებები.

ლანა ქარაიამ (ICOM საქართველოს თავმჯდომარე; ICOM ევროპის მმართველი საბჭოს წევრი; ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი) უხელმძღვანელა აბუ დაბის ლუვრში გამართულ ICOM ევროპის საერთაშორისო სიმპოზიუმის სესიას „ახალი მუზეუმები“, რომელიც მიეძღვნა „მუზეუმების მომავლის“ თემას XXI საუკუნის მეორე მეოთხედში. სესიაზე განხილულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში ახალი მუზეუმების (Guggenheim Abu Dhabi-ის თანამედროვე კონცეფცია, მექსიკის ეკო-მუზეუმების მოდელი, გერმანიის KOLK 17-ის მუზეუმისა და თეატრის ჰიბრიდული ფორმატი, იაპონიის მდგრადობასა და კულტურულ ტურიზმზე ორიენტირებული მუზეუმები და აფრიკის ახალი არქიტექტურული იდენტობის ინსტიტუციები), როგორც ინოვაციური, ინკლუზიური და საზოგადოების მოთხოვნებზე ორიენტირებული კულტურული სივრცეების ტენდენციები.

ICOM-ის გენერალური კონფერენციის საერთაშორისო კომიტეტების სესიების ფარგლებში გაიმართა ICOM COMCOL-ისა და ICOM საქართველოს ერთობლივ სესია, სადაც ლანა ქარაიამ და ICOM საქართველოს ხაზინადარმა/საბჭოს წევრმა მარიამ ჩხაიძემ წარადგინეს ICOM საქართველოსა და COMCOL-ის (ICOM-ის კოლექციონირების საერთაშორისო კომიტეტი) ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის პირველადი შედეგები საქართველოში სამუზეუმო დოკუმენტაციის არსებული პრაქტიკების ანალიზისა და განვითარების საჭიროებების შესახებ.

ICOM Dubai 2025-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებათა კრებულის "To the Museums, Citizens! Museums and Citizenship: Experiences, Concepts and Challenges" პრეზენტაცია. გამოცემა აერთიანებს 2024 წლის აპრილში ლისაბონში გამართული საერთაშორისო სამუზეუმო კონფერენციის კვლევებსა და ანალიტიკურ ნაშრომებს, რომელიც ICOM-ის აღმასრულებელი საბჭოს, ICOM ევროპის და ICOM პორტუგალიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა და პორტუგალიის „მიხაკების რევოლუციის“ 50 წლისთავს მიეძღვნა.

კრებული განიხილავს მუზეუმების როლს მოქალაქეობრივი ჩართულობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის საკითხებში. გამოცემაში შესულია ლანა ქარაიას მოხსენება „Navigating Civic Frontiers: Challenges and Insights from Georgian Museums“, რომელიც ეხება საქართველოში მუზეუმების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მათი, როგორც აქტიური მოქალაქეობრივი ინსტიტუციების როლის გაძლიერების კონტექსტში.


ნანა მეფარიშვილმა, რომელიც 2019 წლიდან ICAMT-ის (ICOM-ის არქიტექტურისა და სამუზეუმო ტექნიკების საერთაშორისო კომიტეტი) თავმჯდომარეა, უხელმძღვანელა ICAMT-ის 51-ე კონფერენციის სამეცნიერო პროგრამას და იგივე კომიტეტის გასვლით სესიას, რომელიც აბუ-დაბის ბუნების ისტორიის მუზეუმსა (Natural History Museum) და Abu-Dhabi ლუვრში ჩატარდა. ასევე იყო ICAMT-ის პირველი სესიის „არქიტექტურა, დიზაინი და ციფრული ტექნოლოგიები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოსაჩენად“ მოდერატორი (12 ნოემბერი, 2025).

ნანა მეფარიშვილს ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტის მმართველ საბჭოში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს — ICAMT-ში პირველი ქართველი იყო, ვინც აირჩიეს კომიტეტის საბჭოში: 2013 წელს - რიგით წევრად, 2016 წელს - მდივნად, 2019 და 2022 წლებში კი – თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით განახლდა კომიტეტის წესდება, დაიწყო კომიტეტის სახელის განახლების პროცესი, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება, შეიქმნა კომიტეტის კონფერენციებისა და ვორქშოფების კრებულები და გაუმჯობესდა წევრებთან კომუნიკაცია. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ICAMT-ის წევრების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.


2023 წლიდან ნანა მეფარიშვილი ICOM ICWG-ის (Group on the Future of International Committees) წევრია. ჯგუფი საერთაშორისო კომიტეტების მუშაობის გაუმჯობესებაზე მუშაობს და რეკომენდაციებს აწვდის ICOM-ის აღმასრულებელ საბჭოს, სამდივნოსა და კომიტეტებს. გენერალურ კონფერენციაზე წარმოდგენილ 2023–2025 წლების ანგარიშის შემუშავებაში ნანა მეფარიშვილიც მონაწილეობდა.

ნათია ხულუზაურმა, რომელიც გენერალური კონფერენციის მსვლელობისას ICOM COMMS-ის (ICOM-ის მარკეტინგისა და საზოგადოების ჩართულობის საერთაშორისო კომიტეტი) მმართველი საბჭოს მოქმედი წევრი იყო, COMMS-ის პირველ სესიაზე „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ამბის თხრობა, იდენტობა და შესაბამისობა“ წარმოადგინა მოხსენება: “Echoes from the Mountains: Digital Storytelling and Intangible Heritage at the Alexander Kazbegi House Museum” (ექო მთებიდან: ციფრული ამბის თხრობა და არამატერიალური მემკვიდრეობა ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში) და გახლდათ მეორე სესიის: „ახალგაზრდების ძალა, თანამშრომლობა, აქტივიზმი და ციფრული უნარების ფლობა“ მოდერატორი (12 ნოემბერი, 2025).

გარდა ამისა, 15 ნოემბერს ICOM-COMMS-ისა და ICOM-AVICOM-ის (ICOM-ის აუდიო-ვიზუალური, ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის საერთაშორისო კომიტეტი) გასვლით სესიაზე, რომელიც დუბაის Terra Expo City-ში ჩატარდა, მან საზოგადოებას წარუდგინა, 2024 წლის 4–7 დეკემბერს ICOM-COMMS-ის, ICOM-საქართველოს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის თანამშრომლობით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს” მოხსენებათა კრებული.

გარდა ამისა, ICOM-COMMS-ის მმართველი საბჭოს წევრობის პერიოდში (2022–2025 წწ.) ნათია ხულუზაური აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული საერთაშორისო კომიტეტის მართვასა და განვითარებაში. იგი იყო ICOM-COMMS-ის 2024 წელს თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, მონაწილეობდა კომიტეტის დებულების განახლებასა და ICOM-ის ინიციატივით შექმნილ ჯგუფში, რომელიც საერთაშორისო კომიტეტებისთვის სახელების განახლებაზე მუშაობდა. სწორედ მისი ვერსია “COMMS” იქნა შერჩეული ICOM-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის “MPR-ის” ახალ სახელად ამავე კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მიერ კენჭისყრის საფუძველზე.

ICOM COMMS მმართველი საბჭო. 2022-2025

სოფიო დუღაშვილმა ICOM IC ETHICS-ის (ეთიკური დილემების საერთაშორისო კომიტეტი) სესიაზე "ეთიკური დილემები სამუზეუმო პრაქტიკაში — მედიაციის, გენდერული ნარატივებისა და მრავალფეროვნების საკითხების განხილვა მუზეუმების მართვასა და საგამოფენო პრაქტიკაში" წარადგინა მოხსენება თემაზე „მედიაციის როლი მუზეუმების მართვასთან დაკავშირებული ეთიკური დავების გადაწყვეტასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფაში.“ მოხსენების ფარგლებში განხილული იქნა მედიაციის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის როლი თანამედროვე სამყაროში მუზეუმების მართვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე პროფესიული და საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით.

სოფიო დუღაშვილი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პირველი თავმჯდომარე, მედიატორი და სამართალმცოდნეა.

საერთაშორისო კომიტეტების გასვლითი სესიების ფორმატში ლანა ქარაიამ და ICOM საქართველოს საბჭოს წევრმა მაკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღეს შარჯას ამერიკულ უნივერსიტეტში UMAC-ის (ICOM-ის საუნივერსიტეტო მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი) კონფერენციის პანელურ სესიაში, სადაც განხილული იყო უმაღლესი განათლების სწრაფი ცვლილებები საუნივერსიტეტო მუზეუმებისა და კოლექციების სტრატეგიული ფასეულობების კონტექსტში.

ICOM საქართველოსა და ICOM COMCOL-ის ერთობლივი კვლევითი პროექტის პრეზენტაცია თემატურ სესიაზე

ICOM საქართველოს თავმჯდომარემ ლანა ქარაიამ და საბჭოს წევრმა მარიამ ჩხაიძემ წარადგინეს პროექტის „სამუზეუმო დოკუმენტაციის გაძლიერება“ შუალედური შედეგები —  საქართველოში ჩატარებული კვლევა, რომელმაც გამოავლინა სამუზეუმო დოკუმენტაციის პრაქტიკის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და განვითარების რესურსები.

პროექტი ხორციელდება ICOM-ის Solidarity in Times of Crisis 2025 საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს:

  • სამუზეუმო დოკუმენტაციისა და კოლექციების მართვის არსებული მდგომარეობის ანალიზს;
  • სამუზეუმო დოკუმენტაციის მიმართულებით პროფესიულ განვითარებას;
  • კოლექციების მართვის ეთიკური და კრიზისზე ორიენტირებული მიდგომების განვითარებას;
  • რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას (საქართველო–აზერბაიჯანი).

ICOM COMMS 2024 წლის საერთაშორისო კონფერენციის კრებულის პრეზენტაცია

ICOM Dubai 2025-ის ფარგლებში გაიმართა ICOM-COMMS-ის, ICOM-საქართველოს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის თანამშრომლობით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებათა კრებულის „მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს“ ოფიციალური პრეზენტაცია. კრებულში შესულია საქართველოში 2024 წლის 4–7 დეკემბერს გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა 20 სტატია 13 ქვეყნიდან. გამოცემის კოორდინატორმა და მთავარმა რედაქტორმა ნათია ხულუზაურმა პრეზენტაციაზე განიხილა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობა და პუბლიკაციის მასალები. პუბლიკაციის მცირე რაოდენობა გადაეცათ COMMS-ის მმართველი საბჭოს წევრებს, ხოლო ციფრული ვერსიები განთავსდა როგორც ICOM-ის ციფრულ ბიბლიოთეკაში, ასევე COMMS-ისა და ICOM საქართველოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

პროფესიული კავშირების გაღრმავება და ახალი თანამშრომლობები

ICOM საქართველოს დელეგაციამ განამტკიცა თანამშრომლობა ICOM-ის ეროვნულ და საერთაშორისო კომიტეტებთან, რეგიონულ ალიანსებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან. გაიმართა რიგი შეხვედრები, რომლებმაც შექმნა ახალი პროექტების, ერთობლივი ტრენინგებისა და კვლევების დაწყების შესაძლებლობები.

მონაწილეობა გლობალურ დისკუსიებსა და სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრაში

დელეგაციის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ თემატურ პანელებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც შეეხებოდა:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მუზეუმებში
  • ეთიკის კოდექსის რედაქტირებას
  • უსაფრთხოების და კოლექციების დაცვის ინოვაციურ სტანდარტებს
  • მდგრად განვითარებასა და კლიმატის გამოწვევებს
  • მუზეუმების კრიზისულ მზადყოფნას

კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა დისკუსიებში, რომლებმაც განსაზღვრა ICOM-ის 2025–2028 წლების გლობალური სტრატეგიული პრიორიტეტები.

ქსელური შეხვედრები და სამომავლო გეგმები

ქსელური შეხვედრების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი პროფესიული პარტნიორობები, განახლდა ურთიერთობა ICOM-ის რეგიონულ კომიტეტებთან და განისაზღვრა ის მიმართულებები, სადაც ICOM საქართველო მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ICOM-ის გლობალურ ინიციატივებსა და პროგრამებში.

ICOM Dubai 2025 — გენერალური კონფერენციისა და ასამბლეის ძირითადი თემები, სიახლეები და მიღწევები

ICOM-ის ხელმძღვანელობის ცვლილებები — ახალი აღმასრულებელი საბჭო

ICOM-ის 40-ე გენერალურ ასამბლეაზე ICOM-ის ქსელმა აირჩია ახალი აღმასრულებელი საბჭო 2025–2028 წლების ვადით:

ანტონიო როდრიგესი (აშშ) გახდა ICOM-ის ახალი პრეზიდენტი - ორგანიზაციის მართვისა და კომიტეტების სტრუქტურაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელიც 2022–2025 წლებში იკავებდა ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. იგი ამ პოზიციაზე შეცვლის ემმა ნარდის, რომელიც პრეზიდენტად არჩეულ იქნა ICOM-ის 2022 წლის გენერალურ ასამბლეაზე პრაღაში.

გენერალურმა ასამბლეამ ასევე, აირჩია ორი ვიცე-პრეზიდენტი:

  • ნასირ ალ დარმაკი (ICOM UAE) - ICOM UAE-ს ყოფილი თავმჯდომარე და ICCROM-ის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე შარჯაში;
  • ტაიებე გოლნაზ გოლსაბაჰი (ICOM ირანი) - აღმასრულებელ საბჭოში მესამე თანმიმდევრულ ვადით იქნა არჩეული.

ICOM-ის ახალ აღმასრულებელ საბჭოში არჩეულ იქნა 16 ქვეყნის წარმომადგენელი - მათ შორის: ხაზინადარი, თორმეტი რიგითი წევრი; მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობა (თავმჯდომარე და ვიცე-თავჯდომარე).

კულტურული მემკვიდრეობის უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაძლიერებული საერთაშორისო მოქმედება

უკანასკნელ პერიოდში კულტურული ფასეულობების ძარცვისა და უკანონო გატანის შემთხვევების მატებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია როგორც სამუზეუმო, ასევე, ფართო საზოგადოებაში. ამ ფაქტებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად აუცილებელია კოორდინირებული და ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობა.

გენერალური კონფერენციის ფარგლებში ICOM-მა განცხადება გააკეთა სამომავლოდ შემდეგი მიმართულებების განვითარებაზე:

  • ახალი ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა მუზეუმების უსაფრთხოებისთვის;
  • გლობალური პარტნიორობის გაღრმავება (UNESCO, INTERPOL, UNIDROIT);
  • ახალი ერთობლივი ოპერატიული ინიციატივის დაწყება INTERPOL-თან, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მუზეუმების მხარდაჭერას — მათი უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაში, რისკების შემცირებასა და ერთობლივი ძალისხმევის განმტკიცებაში, რათა მკვეთრად შემცირდეს კულტურული ფასეულობების ქურდობისა და მათი უკანონო გატანის შემთხვევები.

ICOM-UNESCO-ს გლობალური ინიციატივა ხელოვნურ ინტელექტსა და მუზეუმებზე

UNESCO-სთან გამართულ სპეციალურ სამუშაო დიალოგში, რომელშიც მონაწილეობდა კულტურისა და საგანგებო სიტუაციების დირექტორი კრისტა პიკატი, ICOM-ის გენერალურმა დირექტორმა დისკუსია გამართა ხელოვნური ინტელექტის როლზე მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვაში. თანამშრომლობამ ICOM-სა და UNESCO-ს საშუალება მისცა ერთობლივად გამოეცხადებინათ ხელოვნური ინტელექტისა და მუზეუმების შესახებ გლობალური ინიციატივის დაწყება — პროგრამა, რომელიც ასახავს ორივე ორგანიზაციის მუშაობას ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სამუზეუმო სფეროში ეთიკური, ინკლუზიური და მდგრადი გამოყენების მიმართულებით.

ეს ინიციატივა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი შეუწყოს სამუზეუმო სფეროს განვითარებას უსაფრთხო, სამართლიან და პროაქტიურ ფორმატში.

  • მუზეუმებში AI (ხელოვნური ინტელექტის) პროექტების გლობალური რუკის შექმნა;
  • ეთიკური ჩარჩოს გაძლიერება UNESCO-ს 2021 წლის ხელოვნური ინტელექტის ეთიკის რეკომენდაციასთან, ICOM-ის პროფესიული ეთიკის კოდექსსა და UNESCO-ს 2015 წლის მუზეუმების შესახებ რეკომენდაციასთან შესაბამისობაში;
  • პროფესიული შესაძლებლობების განვითარება — დიალოგის, გამოცდილების გაზიარების, პოლიტიკის რეკომენდაციებისა და პრაქტიკული რესურსების მეშვეობით.

ICOM-ის პროფესიული ეთიკის კოდექსის რედაქტირების ახალი ეტაპი

ICOM-ის პროფესიული ეთიკის კოდექსი წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ დოკუმენტს, რომელიც მსოფლიოში სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთ მთავარი სახელმძღვანელოა. ICOM-ის 27-ე გენერალურ კონფერენციაზე ეთიკის სამუშაო კომიტეტმა (ETHCOM) წარადგინა კოდექსის რედაქტირების პროცესის უახლესი ეტაპი, რომელიც პასუხობს პროფესიული ფასეულობების ცვლილებასა და თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს: ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებას, ეთიკურ პასუხისმგებლობას, კოლექტიურ ავტორობასა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას. განახლებული კოდექსი წარმოადგენს სამუზეუმო პროფესიის ეთიკურ საყრდენს და გააძლიერებს ICOM-ის ერთგულებას პასუხისმგებლობის, ინკლუზიურობისა და ნდობის მიმართულებით.

ICOM-ის ციფრული პროექტები

ICOM-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ციფრული პროექტების განვითარება. გენერალური კონფერენციის ფარგლებში მრჩეველთა საბჭოს სესიაზე ICOM-ის წევრობის ციფრული ბარათის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს წევრობის ციფრულ ბარათთან ერთად ICOM-ის მობილური აპლიკაციის ჩაშვებას, სადაც თავმოყრილი იქნება წევრებისათვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ინფორმაცია.

გარდა ამისა, გენერალურ ასამბლეაზე წევრებს წარედგინათ ICOM-ის აკადემიის დაფუძნების პროექტი, რომელიც წარმოადგენს პროფესიული განვითარების ონლაინ-სწავლების პლატფორმას. ICOM-ის აკადემიის მიზანია ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო სამუზეუმო და მემკვიდრეობის სექტორში. აკადემიის გახსნა იგეგმება 2028 წელს.

მუზეუმის საერთაშორისო დღე

მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭომ გამოაცხადა 2026 წლის თემა “მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს (Museums Uniting a Divided World)”.

მუზეუმის საერთაშორისო დღე, რომელიც 1977 წლიდან დაფუძნდა და აღინიშნება ICOM-ის მიერ, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენს კულტურების გაცვლის, კულტურების გამდიდრებისა და ხალხთა შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვან საშუალებას”.

ICOM-ში მდგრადი განვითარების პირველი ჯილდოს პრეზენტაცია

გენერალურ კონფერენციაზე გამოცხადდა ICOM-ის ახალი ინიციატივის - მუზეუმებში მდგრადი განვითარების პრაქტიკის პირველი ჯილდოს გამარჯვებული, რომელიც გახდა ბარბადოსის მუზეუმი და ისტორიული საზოგადოება (BMHS) პროექტით „კუნძულების გაზიარებული ისტორიები: შოტლანდია–კარიბის ზღვისპირეთი“, რომელიც ტრანსნაციონალურ ახალგაზრდულ თანამშრომლობაზე და კუნძულის თემებისთვის საერთო გამოწვევების — კლიმატის კრიზისი, სანაპიროს ეროზია, ახალგაზრდების რისკები, მემკვიდრეობის შემცირება — შემოქმედებითად გადაწყვეტაზეა დაფუძნებული.

პროექტი შეფასდა, როგორც ახალგაზრდების გაძლიერებისა და მდგრადობაზე ორიენტირებული სამუზეუმო პრაქტიკის ძლიერი მაგალითი, გაეროს 2030 დღის წესრიგთან თანხვედრაში.

გარდა გამარჯვებულისა, გამოვლინდა ოთხი ფინალისტი: STAM გენტის ქალაქის მუზეუმი (ბელგია); ნამიბიის მუზეუმების ასოციაცია; ვიქტორიის ეროვნული გალერეა (ავსტრალია); Ars Aevi თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (სარაევო).

ICOM 2028 — როტერდამი, ნიდერლანდები

ICOM-ის გენერალურმა ასამბლეამ 2028 წლის 28-ე გენერალური კონფერენციის მასპინძლად როტერდამი (ნიდერლანდები) აირჩია. ღონისძიების თემა იქნება „ხიდების აშენება — სამყაროს, კულტურებისა და თაობების დაკავშირება“.

კონფერენცია ფოკუსირებულ იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება მუზეუმები ჩამოყალიბდნენ „ხიდის მშენებლებად“ — ადამიანებს, თემებსა და პერსპექტივებს შორის, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების, ციფრული ტრანსფორმაციისა და სოციალური პოლარიზაციის პირობებში.

როტერდამში ასევე, დამტკიცდება ICOM-ის სტრატეგიული გეგმა 2028–2034 წლებისთვის.

მიღებული რეზოლუციები — ICOM-ის სტრატეგიული პრიორიტეტები 2025–2028

გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ექვსი რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებს მომდევნო სამი წლის მანძილზე:

  1. მომავალი თაობების გაძლიერება- მუზეუმების კოლექციების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვით და პროფესიონალთა მხარდაჭერით კრიზისის პერიოდში.
  2. მუზეუმების პოზიციონირება სამართლიან, ეთიკურ და მდგრად ციფრულ მომავალში.
  3. მუზეუმების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში — ახალგაზრდების, სოციალური ინკლუზიისა და კლიმატის მოქმედების მეშვეობით.
  4. საგანგებო მზადყოფნის გაძლიერება მუზეუმებში, მუზეუმებისა და თემების გამძლეობის ხელშეწყობა.
  5. დეკოლონიზაციის მუდმივი კომიტეტის ჩამოყალიბება.

მუზეუმების მომავლისადმი საერთო ვალდებულება

ICOM-ის 27-ე გენერალურმა კონფერენციამ - ICOM Dubai 2025 - ნათლად წარმოაჩინა განხილული თემების მნიშვნელობა და აქტუალობა: ახალგაზრდების გაძლიერებიდან მემკვიდრეობის დაცვასა და ინოვაციამდე. ღონისძიებამ ასევე, აღნიშნა ICOM-ის გლობალური ქსელის საერთო მზაობა ცვლილებების, ხალხთა შორის ხიდების აშენების, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართ.