ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რომელიც ხაზს უსვამს მუზეუმების ტრანსფორმაციულ როლს საზოგადოებაში. მუზეუმის დღის 2026 წლის თემაა „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს იმოქმედონ კულტურულ, სოციალურ და გეოპოლიტიკურ სივრცეებს შორის დამაკავშირებელ ხიდებად, ხელი შეუწყონ დიალოგს, ურთიერთგაგებას, ინკლუზიურობასა და მშვიდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
წლევანდელი თემა ასევე უკავშირდება ICOM-ის 80 წლის იუბილეს - მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ასახავს ორგანიზაციის უწყვეტ ერთგულებას მუზეუმებისა და მათი საზოგადოებრივი როლის მხარდაჭერის მიმართ.
მუზეუმები, როგორც კავშირის კატალიზატორები
მუზეუმი გაცილებით მეტია, ვიდრე არტეფაქტების საცავი - იგი წარმოადგენს ნდობის მქონე საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც ადამიანები ეცნობიან ისტორიებს, ექსპონატებსა და ერთმანეთის გამოცდილებებს. სოციალური ფრაგმენტაციის, პოლარიზაციისა და კულტურასა და ცოდნაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პირობებში, მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კავშირის აღდგენაში თაობებს, საზოგადოებებსა და საზღვრებს შორის.
განსხვავებების ნიველირების ნაცვლად, მუზეუმები ქმნიან გარემოს, სადაც კულტურული მრავალფეროვნება გააზრებულად და პატივისცემით არის მიღებული. კულტურული მემკვიდრეობისა და კოლექტიური მეხსიერების დაცვით, სწავლებისა და რეფლექსიის შესაძლებლობების შეთავაზებით, ასევე ისეთი ღია სივრცეების შექმნით, სადაც მრავალფეროვნება თანაარსებობს, მუზეუმები ხელს უწყობენ დიალოგს, ინკლუზიურობასა და მშვიდობას.
მუზეუმის საერთაშორისო დღის 2026 წლის თემა თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების (SDGs) სამ მიზანთან:
- მიზანი 10: მუზეუმები ხელს უწყობენ უთანასწორობის შემცირებას კულტურასა და ცოდნაზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
- მიზანი 16: დიალოგისა და ურთიერთგაგების წახალისებით, მუზეუმები მხარს უჭერენ მშვიდობიან და ინკლუზიურ საზოგადოებებს;
- მიზანი 17: პარტნიორობისა და თანამშრომლობის გზით მუზეუმები აძლიერებენ გლობალურ თანამშრომლობას მდგრადი განვითარებისათვის.
გლობალური ინიციატივა ძლიერი ვიზუალური იდენტობით
მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად ათასობით მუზეუმი ერთიანდება მთელ მსოფლიოში. ამ ინიციატივის მზარდი მასშტაბი ადასტურებს მისი, როგორც კულტურული გაცვლის, საზოგადოებრივი ჩართულობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას.
2026 წლისთვის ICOM-მა შექმნა გამორჩეული ვიზუალური იდენტობა, რომელიც ასახავს კავშირისა და ერთიანობის იდეას. მთავარი ვიზუალი ხაზს უსვამს ხიდის სიმბოლიკას, როგორც რეალურ, ისე მეტაფორულ კონტექსტში, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან კულტურებს, პერსპექტივებსა და თემებს. გააზრებული დიზაინის საშუალებით იგი წარმოაჩენს მუზეუმებს, როგორც დიალოგისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობ ინსტიტუციებს დაყოფილ სამყაროში.
ICOM ასევე გთავაზობთ საკომუნიკაციო მასალების ფართო სპექტრს, მათ შორის ოფიციალურ პოსტერს, ვებ-ბანერებსა და ადაპტირებად გრაფიკულ მასალას რამდენიმე ენაზე. მუზეუმებს შეუძლიათ აღნიშნული მასალების მორგება საკუთარი საჭიროებების შესაბამისად, ლოგოების დამატებით, ფერების კორექტირებითა და თარგმანების ჩართვით, ძირითადი დიზაინის მთლიანობის შენარჩუნებით. მასალები ხელმისაწვდომია როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მათ ფართო გამოყენებას.
პოსტერი
წლევანდელი პოსტერი ასახავს თემას „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ და გამოხატავს კავშირის, დიალოგისა და ურთიერთგაგების იდეას.

პოსტერის მორგებამდე რეკომენდებულია გაეცნოთ გრაფიკული დიზაინის სახელმძღვანელოს, რათა ცვლილებები შეესაბამებოდეს ორიგინალური დიზაინის კონცეფციასა და პრინციპებს.
ხელმისაწვდომია:
- მზა პოსტერი
- პერსონალიზებადი ვერსია (ai.)
- პერსონალიზებადი ვერსია (canva)
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ინსტრუმენტები:
- Canva და Adobe Illustrator
- IMD 2026 მორგების მასალა
ჩაერთეთ 2026 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის კომუნიკაციის პროცესში
ინსტიტუციების მხარდაჭერის მიზნით, ICOM გთავაზობთ საკომუნიკაციო ნაკრებს, ყოვლისმომცველ რესურსს, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელო პრინციპებს, საუკეთესო პრაქტიკასა და შემოქმედებით იდეებს. ნაკრები დაეხმარება მუზეუმებს, ეფექტურად ჩართონ საკუთარი აუდიტორია, სწორად გამოიყენონ ვიზუალური მასალა, დაგეგმონ ღონისძიებები და მოახდინონ აქტივობების პოპულარიზაცია სოციალურ მედიაში.
ICOM მოუწოდებს მუზეუმებს, კულტურის დაწესებულებებსა და საზოგადოებებს, აქტიურად ჩაერთონ 2026 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში - მოაწყონ ღონისძიებები, განახორციელონ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული პროგრამები, განავითარონ თანამშრომლობები ან წამოიწყონ ადგილობრივი კამპანიები.
გააზიარეთ თქვენი ინიციატივები ჰეშთეგებით:
#InternationalMuseumDay #IMD2026
ICOM-ის ინტერაქციულ რუკაზე თქვენი ღონისძიების დასამატებლად მიყევით ბმულს
ICOM-ის 80 წლის იუბილე
2026 წელი ასევე აღნიშნავს ICOM-ის 80 წლის იუბილეს - რვა ათწლეულის განმავლობაში მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალების მხარდაჭერის აღიარებას გლობალურ დონეზე. ეს მნიშვნელოვანი თარიღი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ ორგანიზაციის წვლილი ძლიერი და შეკრული სამუზეუმო საზოგადოების განვითარებაში და მის მიერ შესრულებული როლი თანამედროვე გამოწვევების ფონზე.
ICOM იწვევს მსოფლიო აუდიტორიას, შეუერთდეს ამ განსაკუთრებული თარიღის აღნიშვნას და პატივი მიაგოს მიღწევებს, გამოეხმაუროს თანამედროვე გამოწვევებს და ერთად ვიფიქროთ მუზეუმების მომავალზე. საიუბილეო კამპანია, მათ შორის ციფრული გამოფენა და ექსკლუზიური მასალები, ხელმისაწვდომი გახდება ICOM-ის ოფიციალურ არხებზე.
