ICOM-ის განცხადება* მუზეუმების დამოუკიდებლობის შესახებ
მუზეუმების ფუნქციას წარმოადგენს კაცობრიობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ინტერპრეტაცია და პოპულარიზაცია.
ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის პირველი პრინციპის თანახმად, მმართველ ორგანოებსა და ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მუზეუმების სტრატეგიულ მიმართულებასა და ზედამხედველობაზე, ეკისრებათ უპირველესი პასუხისმგებლობა ამ მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაზე, ასევე ამ მიზნით გამოყოფილ ადამიანურ, ფიზიკურ და ფინანსურ რესურსებზე. ამის საფუძველზე, ICOM-ის ეთიკის კოდექსი მხარს უჭერს სოციალურ პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობასა და სამეცნიერო თავისუფლებას, ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემას სამუზეუმო პროფესიული სტანდარტების დარღვევის გარეშე. UNESCO-ს 2015 წლის რეკომენდაციის (მუზეუმებისა და კოლექციების დაცვისა და პოპულარიზაციის, მათი მრავალფეროვნებისა და საზოგადოებაში მათი როლის შესახებ) თანახმად, მუზეუმები წარმოადგენს კულტურული გაცვლების, კულტურათაშორისი დიალოგის, განათლების, დებატებისა და ტრენინგის სივრცეებს. აქედან გამომდინარე, მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განათლების, სოციალური ერთობისა და მდგრადი განვითარების საკითხებში და დიდი პოტენციალი აქვთ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ფასეულობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობის გაზრდაში, მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. დაფინანსების წყაროსა თუ მართვის მოდელის მიუხედავად, მუზეუმებმა უნდა შეინარჩუნონ კონტროლი საკუთარი პროგრამების, გამოფენებისა და ღონისძიებების შინაარსსა და მთლიანობაზე. შემოსავლის მომტანმა საქმიანობამ არ უნდა დაარღვიოს ინსტიტუციის ან მისი საზოგადოების სტანდარტები (ICOM-ის ეთიკის კოდექსის 1.10 პრინციპი). მუზეუმების პროფესიული და ინსტიტუციური მთლიანობისა და ავტონომიის მაღალ დონეს საფრთხე არ უნდა შეუქმნას ფინანსურმა თუ პოლიტიკურმა ინტერესებმა.*განცხადება გამოქვეყნებულია 2020 წლის 27 იანვარს.
