ქვეყნის სამუზეუმო სფეროს ისტორიაში პირველად, საქართველოს ორი მუზეუმი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი - ევროპის წლის მუზეუმის პრემიის ორი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.
2023 წლის 6 მაისს ევროპის მუზეუმების ფორუმის ჟიურის მიერ EMYA - ევროპის წლის მუზეუმის პრემიის გამარჯვებულები გამოცხადდა პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველწლიური ფორუმის დასრულების შემდეგ. სილეტოს პრიზი საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის გადაეცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს.© ევროპის მუზეუმების ფორუმი - ვანის არქეოლოგიური მუზეუმი "არის საზოგადოებრივი მუზეუმი, რომელიც ფლობს ძლიერ ძალას საზოგადოების, კულტურისა და განათლების კრიტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისთვის. მოხალისეობრივი პროექტებითა და პროგრამებით, მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ საზოგადოებასთან ქალაქის არქეოლოგიური ძეგლების დაცვაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გთავაზობთ მთელ რიგ სათემო პროგრამებს, რომელშიც ახალგაზრდა აუდიტორიისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჩართულობა პრიორიტეტულია. ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მეშვეობით, მუზეუმი ქმნის უნივერსალურ სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს და ვიზიტორებს აახლოვებს ქალაქის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან".
სპეციალური აღნიშვნის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.















































